საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკა “ვივამედში” მომხდარს გამოეხმაურა, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
სარჯველაძის შეფასებით, კადრები ცუდი სანახავი იყო.
“უბრალოდ მიზეზი არ არსებობს, რომ ამას რაიმე ნორმალური ახსნა, კეთილსინდისიერი ახსნა მოუძებნო. ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. როგორც კი ელემენტარული ნორმები დააკმაყოფილეს, რომ შესვლისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთი წარედგინათ, შემდეგ მათ არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ, რომ შესულიყვნენ და მოენახულებინათ. ოღონდ, მონახულების შემდეგ, ის რაც მოსალოდნელი იყო, არანაირი ნაკლოვანება მკურნალობის, მანამდე შეთავაზებულ მეთოდიკას არ გააჩნდა და ეს ყველამ კარგად დაინახა. ეს ბოლო ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო”, – განაცხადა სარჯველაძემ.