თეა წულუკიანმა ფოთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – საბა ასლამაზიშვილი წარუდგინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – საბა ასლამაზიშვილი წარუდგინა.
„საბა ასლამაზიშვილი 2013-2017 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების პროგრამა; დრამის რეჟისურა), 2018-2021 წლებში კი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სტუდენტობის პერიოდში მან დადგა სპექტაკლები: „მსახიობები, რომლებსაც ვერ ხედავენ“, ნაწყვეტი პიესიდან „ოიდიპოს მეფე“, „მეტამორფოზები“ ოვიდიუს ნაზონის მიხედვით, სამუელ ბეკეტის „პირველი სიყვარული“ და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“.
2018 წლიდან დღემდე საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში დაიდგა სპექტაკლები: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ილიაუნის თეატრი), ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ (თავისუფალი თეატრი), დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი) და „ირინეს ბედნიერება“ (მესხეთის სახელმწიფო თეატრი), დათა თავაძის „დედაომი“ (ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი), ანა-მარია გურგენიშვილის „ბიოციდი“, მოლიერის „დონ ჟუანი“ (დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, დაიდგა თბილისის ცირკში) და სხვ.
იგი არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი.
საბა ასლამაზიშვილი 2019 წელს სპექტაკლით „მარატ/სადი“ (ილიაუნის თეატრი) გახდა ორი პრემიის – „წინანდლისა“ და „დურუჯის“ ნომინანტი. მან ამავე სპექტაკლით 2021 წელს მოიპოვა „ვერცხლის ქოლგა“ და ახალგაზრდა რეჟისორისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ტაშკენტის საერთაშორისო ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე; სპექტაკლით „უბედურება“ 2020 წლის ციფრულ თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა ნომინაციაში „მაყურებლის ხმა“; 2021 წელს მიიღო შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელობის ჯილდო სპექტაკლისთვის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი); 2023 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაჯილდოებაზე მიიღო გრან-პრი სპექტაკლისთვის „ირინეს ბედნიერება“.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ საბა ასლამაზიშვილი 2023 წლის 16 თებერვალს სამინისტროს ხელშეწყობით დაფუძნებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მიიწვია. სიღნაღის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად უმასპინძლა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნებულ სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით წარმატებით ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე – პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით. ფესტივალი მოიცავდა საგანმანათლებლო პროგრამასაც: ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც უძღვებოდნენ თეატრალური სფეროს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.