ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს

ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წელიწადს ოზურგეთის თეატრი უპრეცედენტო მასშტაბის ფესტივალით აღნიშნავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლის – „სამანიშვილის დედინაცვალი“ – ჩვენება გაიმართა, რომელიც თავისუფალმა თეატრმა წარმოადგინა. ინსცენირების ავტორია ალექსანდრე ქოქრაშვილი, მხატვარი და სცენოგრაფი – თეო კუხიანიძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის გოგი მარგველაშვილს, სპექტაკლში მონაწილეობენ: ლაშა გურგენიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ანი ალადაშვილი, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, შაკო მირიანაშვილი, გიორგი ჯიქია, მამუკა მუმლაძე, სალომე ჭულუხაძე და სხვ.
წარმოდგენას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. საფესტივალო წარმოდგენებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 5 ივლისიდან 15 ივლისამდე მასპინძლობს. ფესტივალი გამოირჩევა განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით. წარმოდგენილია ქართული მწერლობის არაერთი ნიმუშის სცენური ვერსია. ათი დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამი სივრცე შვიდი უცხოური თეატრის რვა სპექტაკლსა და 18 ქართული თეატრის 18 სპექტაკლს მასპინძლობს. მაყურებელი ნახავს ნოდარ დუმბაძისა და ქართველი კლასიკოსი მწერლების პროზაული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ 26 სპექტაკლს. ფესტივალის დევიზია „ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“. ფესტივალზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს პორტუგალიის ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიასთან ერთად შექმნილ სპექტაკლს „ცის კარი“, ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურის კულტურის სასახლეში კი ნაჩვენები იქნება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ხუთი სპექტაკლი.
„მნიშვნელოვანია, რომ წელსაც ფესტივალში მონაწილეობს ხერსონის (უკრაინა) აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი, ასევე – თეატრალური დასები აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან, პორტუგალიიდან, ორი თეატრი ყაზახეთიდან. გაიმართება ევრაზიის თეატრალური ასოციაციის (ETA) დამფუძნებელი ქვეყნების სამიტი.
ფესტივალის ჟიური წელს საერთაშორისო წარმომადგენლობით დაკომპლექტდა და, წინა ფესტივალისგან განსხვავებით, მისი წევრები არიან: მწერლები, თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები. ფესტივალზე არის საინტერესო ნომინაციები: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების საუკეთესო ინტერპრეტაცია, ქართული პროზის საუკეთესო ინტერპრეტაცია, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია; გამოვლინდებიან საუკეთესო მსახიობი ქალი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, საუკეთესო სპექტაკლისთვის კი გაიცემა გრან-პრი – 10 000 ლარი. პრიზი ფესტივალის ოქროს სპონსორმა „სმარტ კაპიტალ ჯგუფმა“ დააწესა.
საგულისხმოა, რომ მასპინძელი თეატრი კონკურსში არ მონაწილეობს.
ფესტივალის მიმდინარეობისას, ტრადიციულად, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, მის მშობლიურ მხარეში გაიმართება მწერლის 95 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნების პრეზენტაცია (ავტორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, ქეთევან დუმბაძე), 19:00 საათზე კი ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „ინტერვიუ სარკეში“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).
ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 15 ივლისს. 18:00 საათზე ოზურგეთის თეატრის ფოიეში გაიმართება პრეზენტაცია წიგნ-ალბომებისა: „ ბეჟან ნაკაიძე“, „ამირან ქადეიშვილი“, „დონ კიხოტი ოზურგეთიდან – ვასილ ჩიგოგიძე“ და „ნოდარ დუმბაძე ქართულ სცენაზე“. 19:00 საათზე დაიწყება ოზურგეთის თეატრის 155-ე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, დაჯილდოვდებიან მონაწილეები და ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.
წლევანდელი ფესტივალის მასშტაბურობა განაპირობა ორმა ფაქტორმა, კერძოდ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომლის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ ინიციატივითა და პატრონაჟით განხორციელდა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერამ.
ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს წვლილი პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, სახელის უკვდავყოფას, გურიაში გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს რეგიონში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიები.
ინფორმაციისთვის: დამფუძნებლების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოზურგეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოსა და უცხოეთის პროფესიულ თეატრალურ დასებს/თეატრებს, სხვადასხვა რეგიონის კულტურის სახლებთან ან სხვა გაერთიანებებთან არსებულ სამოყვარულო/სახალხო თეატრებს/დასებს, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად რეგისტრირებულ სამოყვარულო ან სახალხო თეატრებს/დასებსა და ფესტივალის დებულებით განსაზღვრულ სხვა სუბიექტებს. ფესტივალის საორგანიზაციო, ლოგისტიკურ თუ სხვა ხარჯს გაიღებს სამი უწყება: კულტურის სამინისტრო და ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიები. ამგვარად, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება, ამასთანავე, ხელი შეეწყობა საქართველოს რეგიონებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციასა და შემოქმედებითი, თეატრალური პროცესების გააქტიურებას, საქართველოსა და უცხოეთის პროფესიული თეატრალური დასების/თეატრების, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამოყვარულო/სახალხო თეატრების/დასების ქართულ თეატრალურ სივრცეში ინტეგრაციას, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების წახალისებას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები