ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ზელენსკი გააკრიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა „არაჯანსაღი სარკაზმი“ გამოიყენა, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებაზე აკეთებდა კომენტარს, – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ Sky News-თან ინტერვიუში.
“ვფიქრობ, ზელენსკის პასუხში ცოტა სარკაზმი იყო, როდესაც მან თქვა, რომ ყოველ დილით უნდა ურეკოთ ბენ უოლესს და მადლობები უხადოთ. არ მგონია, რომ ეს ჯანსაღი სარკაზმი იყოს. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა ვაჩვენოთ რუსებს, რომ ჩვენ შორის მსგავსი რამეა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა ელჩმა.
პრისტაიკომ აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბენ უოლესს შეუძლია, დარეკოს მასთან საელჩოში და განიხილოს ნებისმიერი საკითხი.
უკრაინელმა დიპლომატმა ასევე გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში აშშ ასევე არ იყო ძალიან კმაყოფილი დიდი ბრიტანეთის მხრიდან სამხედრო დახმარების დაჟინებული თხოვნით. თუმცა, საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს თავად მოუწიათ ომში ჩაბმა ბრიტანელების მხარეზე.
“ჩვენ არ ველოდებით, რომ ვინმე იბრძოლებს ჩვენ მაგივრად. ჩვენ მხოლოდ სამხედრო ტექნიკას ვითხოვთ”, – განაცხადა პრისტაიკომ.