კოსოვოს პარლამენტში ჩხუბი მოხდა, პრემიერს წყალი შეასხეს

კოსოვოს ასამბლეის (პარლამენტის) სხდომაზე მმართველი პარტიის „თვითგამორკვევის“ და კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა.

ამის შესახებ Kosovo Online იტყობინება.

ჩხუბი პრემიერმინისტრის, ალბინ კურტის გამოსვლისას მას შემდეგ მოხდა, რაც დემოკრატიული პარტიის წევრი, მერგიმ ლუშტაკუ პრემიერს მიუახლოვდა და წყალი შეასხა.

ამის შემდეგ ვიცეპრემიერმა, ბესნიკ ბისლიმიმ დეპუტატს წყლის ბოთლი ესროლა და შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ჩხუბი, დაახლოებით, ათ წუთს გაგრძელდა. დაცვამ კურტი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა.

“კოსოვოს მომავლის ალიანსის” თავმჯდომარემ, ბესნიკ ტაჰირიმ მანამდე მთავრობა ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული სიტუაციის გამო გააკრიტიკა.

მან კურტის პასუხი მოსთხოვა, თუ რატომ არ მიჰყვება ამ დრომდე აშშ-ის რეკომენდაციებს.

გუშინ კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა, ჩრდილოეთში მეოთხედით შეემცირებინა ადმინისტრაციული შენობების ირგვლივ განლაგებული სპეციალური პოლიციის რაოდენობა, სადაც ეთნიკური სერბების უმრავლესობა ცხოვრობს და მოეწყო ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში მერის ხელახალი არჩევნები, რომ სერბეთთან დაძაბულობა შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები