პროკურატურამ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად. ასევე, არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგი.
პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების შელახვა და დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.