პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები – ტრამპი და დესანტისი უკრაინისთვის კასეტური ბომბის გაგზავნის წინააღმდეგნი არიან
ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა, 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს, უკრაინისთვის კასეტური ბომბების გაგზავნის წინააღმდეგნი არიან.
ამის შესახებ The Hill წერს.
ტრამპის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნით არ უნდა ჩაგვითრიოს მესამე მსოფლიო ომში“.
ამავდროულად, დესანტისმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა კასეტური ბომბების მიწოდებას, თქვა, რომ “ამას არ იზამდა”.
“ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს. პრინციპში, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდი – არანაირი იარაღი, რომელიც შეიძლება, გამოიწვიოს თავდასხმები რუსეთის შიგნით ან კონფლიქტის ესკალაცია. ჩვენ არ შეგვიძლია ამაში უშუალოდ ჩართულობა. არ მინდა, გავაკეთო ისეთი რამ, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ამ კონფლიქტის ესკალაცია. გამარჯვების მკაფიო მიზანი არ არსებობს და ეს ყველაფერი ჭიანურდება და ჭიანურდება“, – თქვა მან.
დესანტისმა ასევე განმარტა, რომ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა, გამწვავდეს ან “მივიდეს იქამდე, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდეს”.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა „შეამციროს აშშ-ის მარაგები და შეუძლებელი გახადოს მთელს მსოფლიოში საჭიროებებზე რეაგირება”.