„მოღალატეობრივად მოკვეთეს არმიას თავი“ – პრიგოჟინის შემდეგ, რუსეთის სარდლობას კიდევ ერთი გენერალი აკრიტიკებს

კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელის შემდეგ, რუსეთის არმიის სარდლობას გენერალ-მაიორი, ივან პოპოვი აკრიტიკებს, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მეთაურის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადააყენეს.

პოპოვის აუდიომიმართვა რუსეთის დუმის დეპუტატმა, ანდრეი გურულევმა გაავრცელა.

პოპოვი თქმით,  მას “მძიმე ვითარება შეექმნა ზემდგომებთან, როდესაც საჭირო იყო ან გაჩუმებულიყავი, ან ლაჩარივით გეთქვა ის, რისი მოსმენაც სურდათ, ან ყველაფრისთვის თავისი სახელი დაგერქვა”.

ჩანაწერში გენერალ-მაიორი თავის ქვეშევრდომებს “ჩემს გლადიატორებად” მოიხსენიებს.

მისი მტკიცებით, ზემდგომებს ფრონტზე არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ მოახსენა, კერძოდ, ”საწინააღმდეგო ბრძოლის არარსებობა, საარტილერიო სადაზვერვო სადგურების არარსებობა და ჩვენი ძმების მასობრივი დაღუპვა და დაზიანება მტრის არტილერიისგან”.

”მე ეს გამოვთქვი უმაღლეს დონეზე ღიად, უკიდურესად მკაცრად. როგორც ჩანს, უფროსმა მეთაურებმა ჩემში რაღაც საფრთხე იგრძნეს და ერთ დღეში, სწრაფად შეთითხნეს რაღაც მიზეზი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით და მომაშორეს იქიდან”, – ამბობს გენერალი.

პოპოვი არ აკონკრეტებს, რომელ „უფროს ხელმძღვანელებს“ გულისხმობს, მაგრამ შემდეგ ის საუბრობს მხოლოდ ერთ ადამიანზე, რომელიც, როგორც ჩანს, მისი გათავისუფლების ბრძანების ინიციატორია.

მიმდინარე კვირას ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა გენერალი ივან პოპოვი გაათავისუფლა, რადგან მან შესთავაზა რუსეთის ჯარების როტაციის ორგანიზება დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში.

„უკნიდან დარტყმა ჩვენმა უფროსმა მეთაურმა მოგვაყენა, მოღალატეობრივად და ლაჩრულად მოკვეთა თავი ჯარს ყველაზე რთულ, დაძაბულ მომენტში“, – ამბობს პოპოვი ჩანაწერში.

ის განმარტავს, რომ ახლა ელოდება შეთავაზებებს „შემდგომი მსახურებისთვის“ და მოუწოდებს ყოფილ ქვეშევრდომებს, გააგრძელონ ბრძოლა გარდაცვლილი თანამებრძოლების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები