ვახტანგ ცინცაძე – „წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება”
,,ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ექსპორტის ზრდა წარმოადგენს და ამ მიმართულებით 2023 წლის განმავლობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება – საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ 6 თვის მონაცემები და უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდული მოცულობა ფიქსირდება – მისი ზრდა დაახლოებით 19 პროცენტს შეადგენს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 19.2 პროცენტით გაიზარდა და 3,050.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ ექსპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ასევე, აღსანიშნავია 2023 წლის ივნისში ექსპორტის 22.0 პროცენტით გაზრდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 2022 წლის ივნისშიც ექსპორტის მაღალი – 28%-იანი ზრდა გვქონდა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, რომელიც 20 პროცენტით არის გაზრდილი და დაახლოებით 10.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექსპორტის წახალისება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი წარმოების განვითარება წარმოადგენს – ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც ასევე დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებით”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.