უკრაინამ და G7-მა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს
უკრაინამ და G7-მა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს, მაგრამ შეთანხმებები ჯერ არ გაუფორმებიათ.
ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღეიდან უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ თითოეულ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით.
ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები გააგრძელონ „უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერა მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა საბრძოლო ავიაცია, ასევე ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით“.
მასში ასევე ნათქვამია, რომ მომავალში რუსეთის მიერ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, G7-ის წევრები დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს უკრაინასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად, რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში დარჩება გაყინული, სანამ რუსეთი არ გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს“, – ნათქვამია განცხადებაში.