აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლებასა და მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებას.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯ „სპექტრში“ ისწავლება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის დევნილ მოქალაქეებს მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი დახმარებით ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კოლეჯ „სპექტრსა“ და მის დირექტორს ბატონ მათე ტაკიძეს, იმისთვის რომ განსაკუთრებული ყურადღებითა უდგება ჩვენს დევნილ მოქალაქეებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ არა მარტო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, არამედ შემდგომ დასაქმებაში. ყველას, ვინც კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს კარგად აითვისებს, ფაქტობრივად გარანტირებული ექნება სამუშაო ადგილი, რაც ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და ძლიერი ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს უნდა ვისწავლოთ შრომა და მე მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

მემორანდუმის გაფორმებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და კოლეჯის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ მონაწილეებს უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, სადაც კოლეჯის მოსწავლეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სოციალურ ქსელში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. პროგრამებში მონაწილეობის მიღება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები