გურამ მაჭარაშვილი: ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ
ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ,– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნატოსთვის ფრთხილი პოლიტიკა გასაგები და მისაღები თუა, მაშინ მით უფრო, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა უფრო გასაგები და მისაღები უნდა იყოს. ამიტომ, როცა პოლიტიკოსები, შიგნით თუ გარეთ, განცხადებებს აკეთებენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ნატოს პოლიტიკა გაიხსენონ, რომელიც სიფრთხილეს იჩენს. ეს მით უფრო საქართველოს სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა და უფრო მეტი ჩაწერეს უკრაინასთან დაკავშირებით, თორემ არავინ იცის, როდის მიიღებენ ნატოში უკრაინას და როდის საქართველოს. შუალედში რას დაამატებენ და რას გააუქმებენ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე ქვეყნის შემთხვევაში ნატოში გაწევრების კონკრეტული თარიღი უცნობია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.