ირაკლი კობახიძე: დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა
საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რაოდენობრივად, დოკუმენტში ტექსტი მეტია მოცემული უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად, რეალურად, არავითარი განსხვავება არ არის. ანუ, შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც, შეიძლება ასე დავარქვათ, არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, ამ კომუნიკეში კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული. რუსეთთან დაკავშირებით პირდაპირ წერია, რომ მაგალითად, ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, რომ პარტნიორული ურთიერთობები ვერ იქნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს და ა.შ. ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც თავის დროზე ჩაიდო ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ და იგივე ეხება უკრაინასაც“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა და ქვეყანა უფრო ძლიერ ჩანაწერს ელოდებოდა, რაზეც ღიად იყო საუბარი, თუმცა სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ კვლავაც ბუნდოვანია პერსპექტივა, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა უფრო მეტს სამიტისგან „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებითად იმის გაფართოება, რაც ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ეწერა, მოსალოდნელი არ იყო და საბოლოო ჯამში, მოცემული ტექსტი არსებულ მოლოდინს შეესაბამება.
„სხვანაირად, წარმოუდგენელიც იყო. დღეს ვერავინ იტყვის უკრაინაზე და საქართველოზე, როდის გახდება ერთი, ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი. ანუ, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და მათ ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა კობახიძემ.