მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა მაღალი მაჩვენებლით მოიმატა
2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 69%-ით მეტია. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელორუსი, სადაც რუსეთი 65%-ით ლიდერობს ექსპორტის მთლიან მოცულობაში.
ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 24 049677 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. აგვისტოს მდგომარეობით 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275351 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 25 354169 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ექსპორტმა – 3 556584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235656 ბოთლით რუსეთი იკავებს.