პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად მესამე რეზოლუცია მიიღო – შეფასებები დოკუმენტის შესახებ

     უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მესამე დოკუმენტი მიიღო. პარლამენტში რეზოლუციის ტექსტი პლენარულ სხდომაზე განიხილეს და დოკუმენტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით, რეზოლუცია საკმაოდ თამამია და მასში ყველაფერზეა საუბარი.
„იმის მოთხოვნა, რომ დღესვე ომი დავიწყოთ რუსეთთან, ამაზე არ არის საუბარი. მახსოვს, პარლამენტის რამდენიმე წევრი გამოვიდა პირდაპირ ომის მოთხოვნით. მაგრამ მე ეს სერიოზული არ მგონია. ტექსტი დაახლოებით ისეთია, როგორი განცხადებებიც გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ- მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსული აგრესია მკაფიოდ არის დასახელებული, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს. როგორც დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველო ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა უერთდებოდეს.10643162_933289736699043_1117236898_n
„რეზოლუცია არადამაკმაყოფილებლი და არასაკმარისია. ტექსტში სიტყვებით ძლივს აღინიშნა რუსული აგრესია, მაგრამ სხვა ეტაპზე ვართ. მსოფლიო რუსეთს სანქციებით ელაპარაკება, საქართველოს მთავრობა კი პარლამენტიდან მოუწოდებს, რომ დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებთან და სტრუქტურებთან კოორდინაციაში განსაზღვროს. საქართველო უნდა უერთდებოდეს სანქციებს, რადგან რუსულ აგრესიას სხვა არაფერი არ აჩერებს. საქართველოს მთავრობას პარლამენტიდან ნათელი გზავნილი უნდა ჰქონდეს. მარტო სერგეენკოს მოგზაურობა არ არის საკმარისი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხადამჭერი რეზოლუციის მიღება პოლიტიკურ გუნდებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა, რის შემდეგაც მან აზრი დაკარგა. ექსპერტისთვის რეზოლუციამ მნიშვნელობა იმის გამოც დაკარგა, რაც საუბარი დაიწყო, როგორ გახდეს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი მთლიანად კონფედერაციის სუბიექტი.
„რეზოლუციებს არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს და ისინი აღარაფერს აღარ ცვლის, როდესაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია უკრაინის ბედი და ლაპარაკია იმაზე, როგორ გახდეს აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი მთლიანად კონფედერაციის სუბიექტი. აქ უკვე ჩვენი განცხადება დაგვიანებულია. პარლამენტში რეზოლუციის ტექსტის ყველა წინადადებაზე და წერტილზე იყო კამათი. რეზოლუცია იქცა პოლიტიკური თამაშის ობიექტად და მან მაშინვე აზრი დაკარგა“, – აღნიშნავს ცინცაძე.
ამასთან, სოსო ციცნაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში რიტორიკა უმნიშვნელოა და ის შედეგზე აქცენტირებული უნდა იყოს, თუმცა მისივე აზრით, საქართველოს რიტორიკის გარდა მოქმედება არ შეუძლია.
„პოლიტიკაში მნიშვნელობა არ აქვს რიტორიკას და ის შედეგზეა აქცენტირებული. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს რეზოლუციას უკრაინელებისთვის? არავითარი. ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება უკრნაინისთვის ნებისმიერი ჩვენი რეზოლუცია. რიტორიკის გარდა არაფრის მოქმედება არ შეგვიძლია“, – განაცხადა ექსპერტმა.10647663_933290006699016_475451663_n
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი 6 პუნქტისგან შედგება. განცხადების მიხედვით, სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის და ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონალურ, ისევე როგორც საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას. მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი:
1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად. 3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. 4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად. 5. მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარულური პრობლემების მოგვარების მიზნით. 6. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიანი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ეს უკვე მესამე რეზოლუციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები