საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილება
საქართველოს პარლამენტში უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის შინაარსს იხილავენ. დოკუმენტი პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ წარუდგინა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავის 2014 წლის 23 იანვრის განცხადებასა და 2014 წლის 6 მარტის რეზოლუციაში ჩამოყალიბებულ მიდგომებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არათუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
“სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონალურ, ისევე როგორც საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მზარდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, უსახლკაროდ დარჩენილთა რაოდენობისა და დევნილთა ნაკადის ზრდა. მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებაში დღემდე ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი: 1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობისადმი. 2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად. 3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას. 4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად; 5. მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარულური პრობლემების მოგვარების მიზნით. 6. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიანი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.