ილია დარჩიაშვილი: ჩვენ უკრაინის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და მხარდამჭერ ნაბიჯებს გავაგრძელებთ

ჩვენ უკრაინის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და მხარდამჭერ ნაბიჯებს გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში საქართველო.

მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერისთვის თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეულ დამოკიდებულებას, მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამებისა თუ ბრალდებისა, რომელიც გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის. ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა და საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ამასთან, ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები