[ვოლოდიმირ ზელენსკის] ამ გადაწყვეტილების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია, განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია – ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა კონსულტაციებზე არსებობს, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით და არა ადგილსამყოფელ ქვეყანაში – ის ქვეყანა იღებს ამ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა და საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ამასთან, ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.