თეა წულუკიანი: როდესაც უკრაინის ხელისუფლება ომს დაასრულებს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს

ვფიქრობ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ომს დაასრულებს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩის სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება.

„ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს კიევის დატოვებისთვის 48 საათი მისცა და საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. ამასთან, ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები