დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დასაბუთების გარეშე მეუფე შიოს მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ მაქვს – ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დასაბუთების გარეშე მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, ფაქტის გამოძიება შესაბამის სამსახურებს ევალებათ.
„ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო.
რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი.
რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა. სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო.
დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს. მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის მოწამვლას ჰქონდეს ადგილი იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.