გიორგი ამილახვარი „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი აგრძელებს შეხვედრებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მინისტრმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ამილახვარმა ისაუბრა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოებას მათი გადაჭრის ხედვები გააცნო. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში აქტიურად ჩაერთონ ბიზნესსექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბაქსვუდის სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, არჩილ სუმბაძემ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.

პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები