“ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის განცხადება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ” – ილია დარჩიაშვილი

„ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან“, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

„მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხისა და ქვეყნის მისამართით. აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა, დღეს ტრადიციულად ვარჩევთ პოზიციას, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები