ირაკლი გოგავა: საქართველოს ელჩის უკრაინიდან კონსულტაციებზე თბილისში გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს, როცა „ავრორამ“ ბოლშევიკებს ოქტომბრის რევოლუციის დაწყებისთვის ნიშანი მისცა

საქართველოს ელჩის უკრაინიდან კონსულტაციებზე თბილისში გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს, როცა „ავრორამ“ ბოლშევიკებს ოქტომბრის რევოლუციის დაწყებისთვის ნიშანი მისცა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ „გასროლით“ საქართველოში ხელისუფლების მიტაცების მორიგი მცდელობა დაიწყო. სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმეთვიანი იქნება და კულმინაციას შემოდგომაზე უნდა მიაღწიოს, როდესაც ევროკავშირი, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს, რათა ჩვენთან საპროტესტო მუხტის აგორებას შეუწყოს ხელი.

„საქართველოს ელჩის უკრაინიდან კონსულტაციებზე თბილისში გამოგზავნა კრეისერ „ავრორა“-ს ფუჭ გასროლას ჰგავს, როცა „ავრორამ“ ბოლშევიკებს ოქტომბრის რევოლუციის დაწყებისთვის ნიშანი მისცა. ცხადია, რომ ამ „გასროლის“ ავტორები უკრაინელები არ არიან და შესაბამისად ჩვენი ემოციები უკრაინელების მიმართ იგივე უნდა დარჩეს. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ერი კი რჩება. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ მეზობლებთან ხისტი ქმედებები გონივრული არ არის, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ საქართველომ გაცილებით მეტი გააკეთა უკრაინის მხარდაჭერისთვის, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებამ (კონკრეტულად ვიქტორ იუშჩენკოს გამოკლებით) 2008 წელს, როცა რადამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდო, ხოლო მაშინდელი პრემიერი ტიმოშენკო პუტინთან ერთად სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ღეჭვაზე კამერების წინ ხითხითებდა და თან რუსეთთან მრავალმილიარდიან გაზის კონტრაქტს ათანხმებდა.

ამ „გასროლით“ საქართველოში ხელისუფლების მიტაცების მორიგი მცდელობა დაიწყო. სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმეთვიანი იქნება და კულმინაციას შემოდგომაზე უნდა მიაღწიოს, როდესაც ევროკავშირი, მაღალი ალბათობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს, რათა ჩვენთან საპროტესტო მუხტის აგორებას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით რამდენიმე ათასი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის, იდეოლოგიური და ტაქტიკური მომზადება უკვე მიმდინარეობს. პროცესების ავანგარდში გარედან დანიშნული „ელიტის“ არაპოლიტიკური ნაწილი იქნება, „გეი მემორანდუმის“ ხელმომწერი 15 პარტია კი მეორე პლანიდან იმოქმედებს. ქართული „საზოგადოების“ სახელით წლების განმავლობაში უცხოური გრანტებით ნაკვები დანიშნული ცრუ ინტელიგენცია ისაუბრებს: ვითომ მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ჟურნალისტები, არასამთავრობოები – ძირითადად ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება „ევლოპასი“ მართლა უნდა, მაგრამ უმრავლესობას  სამი ათას დოლარიანი უცხოური ჯამაგირის შენარჩუნება უფრო აინტერესებს, ცხადია,  ქართული ინტერესების ხარჯზე.

უხეში გამოთვლებით ასეთი ხალხის რაოდენობა დაახლოებით 8000-ს შეადგენს, 30 წლის განმავლობაში ამდენის მოგროვება მოხერხდა. სწორედ ეს არის „მეხუთე კოლონა“ და მათ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ეკონომიკაზე,  სახელმწიფოს და საზოგადოების ღრმა თემებზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ და არც აინტერესებთ. ეს კატეგორია ქვეყნის საბოტაჟის რეჟიმში მუშაობენ და პირად საუბრებში ამაყად აცხადებენ: „ხელს ვერ დამაკარებენ, საელჩოს კრიშა მაქვს“.  ამ ცრუ ელიტის მთავარ სახეებად, სავარაუდოდ, გიორგი კეკელიძეს, დათო ტურაშვილს და დათო გორგილაძეს ვიხილავთ – ესენი წლების განმავლობაში გამოცდილი მეგრანტეები და უცხოეთის საიმედო მსახურები არიან, ორი მათგანი საბიუჯეტო დაფინანსებაზეც კი არის. „მასოვკაში“ ახალგაზრდები იქნებიან რამდენიმე უნივერსიტეტიდან – ეს უნივერსიტეტებიც ცნობილია. ძალოვან აქციებში კი ზონდერები, ძირითადად ნაციონალური მოძრაობიდან და ახლად დატრენინგებული ახალგაზრდები იქნებიან.

რატომ დადგა ხელისუფლების ძალით შეცვლის აუცილებლობა?

2004 წლიდან საქართველო გარე მართვაზეა. 2019 წლიდან კი ნაწილობრივი გარე მართვის რეჟიმზე გადავიდა, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულებაზე, რაც გულისხმობდა სახელმწიფოს მართვის ბერკეტების, მათ შორის სასამართლო სისტემის,  უცხოელებზე გადაცემას. შეთანხმებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ დასანიშნ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას უცხოელ ექსპერტები შეაფასებდნენ. ციტატა შარლ მიშელის შეთანხმებიდან: „…ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.“ აქსიომაა, რომ ვინც აკონტროლებს სასამართლოს, ის აკონტროლებს სახელმწიფოს ყველა სფეროს, ხოლო სასამართლოს აკონტროლებს ის, ვინც არჩევს მოსამართლეებს. ამის გამო და არა მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ურჩობა გაბედა, რამაც დასავლეთში შოკი გამოიწვია. ფონ კრამონ დოლ-გარმონებმა ყიჟინა ატეხეს და სულ „რუსეთი, რუსეთი“-ს ყვირილი მორთეს: „ქართველებს მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკით უნდა ვეურთიერთოთო. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის ციტატა: „საქართველოსთან უნდა გამოვიყენოთ მათრახის და თაფლაკვერის (ორიგინალში: Stick and Carrot – ჯოხი და სტაფილო) პოლიტიკა და დავრწმუნდეთ, რომ მათ სწორად ესმით,  ეს მათრახი რას ნიშნავს.“ ეს ცნობილი მეთოდია და ცირკში ცხოველებს სწორედ ამ მეთოდით წვრთნიან. ზოგიერთი ჩვენთან გაიწვრთნა კიდეც, მაგალითად სახალხო დამცველის მოადგილე მოგვიწოდებდა პარლამენტის შენობიდან: „დასავლეთი თუ გვეტყვის, ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო“. სანიმუშო მორჩილება იმ კაცს დაუფასეს და როგორც დაიწერა, ერთ-ერთ  საელჩოში დაუძახეს სამუშაოდ.

გლობალური ომის პარტიის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო ის, რომ საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ომში ჩართვაზე. ხელისუფლებამ და ხალხმა ომის ნაცვლად 3 წელი ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აირჩია. ეს კი გაუგებარია ომის პარტიის მესვეურთათვის: როგორ შეიძლება საქართველოს ნაწილობრივ სუვერენული პოლიტიკა ჰქონდეს და უცხოეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ მოემსახუროს თუნდაც ნგრევის, მსხვერპლის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის ხარჯზე?! აბა რისთვის ხარჯავენ წელიწადში 230 მილიონ დოლარს და ინახავენ ამ 8000-კაციან „მეხუთე კოლონას?! რისთვის ითმენენ არცთუ ისე დამჯერე ხელისუფლებას?!

სატყუარად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჩამოგვიკიდეს, რადგან ცირკში ცხოველი სტიმულის გარეშე არაფერს აკეთებს. ჩვენს რეალურ გაწევრიანებას კი არც აპირებენ. საქართველოსთან ურთიერთობები ისე დაალაგეს, რომ ყოველწლიურად, ჩვენს ხარჯზე მილიარდებს თავად შოულობენ. რეალობა ისეთია, რომ თუნდაც სურდეთ, გეოგრაფიულად არ გამოდის ჩვენი წევრობა და ეს თავიდანვე ნათელი იყო. ამის შესახებ საფრანგეთის მაკრონმა ღიად განაცხადა. აი, მოლდოვა კი სხვა საქმეა. როგორც ჩანს, მოლდოვის მიღება ევროკავშირში დიდწილად გადაწყვეტილია. 31 მაისს ევროკავშირის პრეზიდენტმა კიშინიოვში მოლდოვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა: 1,6 მილიარდი ევრო ეკონომიკის აღორძინებისთვის, 100 მილიონი ევრო ენერგეტიკული რესურსებისთვის, 50 მილიონი რკინიგზის რეაბილიტაციისთვის, 40 მილიონი ჯარისთვის, მოლდოვა ჩართეს ევროპული როუმინგის ქსელში, მზადაა ახალი ევროპული ინვესტიციები და სხვა და ეს მხოლოდ ერთ წელიწადში. დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს რეალური დახმარება და ქვეყნის ევროკავშირის წევრობისთვის მომზადება. ჩვენ კი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას საერთოდ არავითარი დახმარება არ მოგვცეს, რათა ქართული საწარმოების მოდერნიზაცია ევროსტანდარტების შესაბამისად დაფინანსებულიყო. ამ დროს გვეკუთვნოდა, რადგან ევროპულ საქონელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩავურთეთ, ჩვენს ბაზარზე იმპორტის 12%-იანი გადასახადის გარეშე შემოვუშვით  და უკვე 2,1 მილიარდის დადებითი სალდო აქვთ ჩვენთან ვაჭრობაში. ამ ნაბიჯით, მინიმუმ 1,2 მილიარდი აშშ დოლარი ვერ მიიღო საქართველომ მხოლოდ იმპორტის გადასახადის სახით 2015-2022 წლებში. ცნობისთვის, უკრაინას 2014 წელს 15 მილიარდ ევროზე მეტი მისცეს. სწორედ ამის გამო დღეს 80-ზე მეტი ქართული ფარმაცევტული საწარმო დაიხურა, რადგან ახალ სტანდარტებზე გადასვლა რესურსების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა. ეს კი მხოლოდ ერთი მაგალითია.

რას გამოიწვევს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა, თუ ის წარმატებული იქნება? (ოთხი ძირითადი სცენარი)

სცენარი პირველი: სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით განხორციელდა. ხელისუფლებაში 12%-იანი კრებითი რეიტინგის 15 ლიბერალური პარტიის კოალიცია მოვიდა, რაც  ავტომატურად დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, რადგან უმრავლესობის გაკონტროლება ასეთი მცირე მხარდაჭერით შეუძლებელია. დაიხურება ყველა მათგან უკონტროლო მედია საშუალება, აიკრძალება არასასურველი პარტიები, განსაკუთრებით ურჩები კი მოხვდებიან ციხეში და რა თქმა უნდა, 2-3 თვეში ქვეყანა რუსეთთან ომში  აღმოჩნდება. დაახლოებით ასე მოხდა 2004 წელს, როცა სააკაშვილი იანვარში პრეზიდენტად აკურთხეს, ხოლო მაისში ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ქართველი მეომრების დასახმარებლად უცხოეთიდან ისლამისტ ჯიჰადისტებს დაიქირავებენ საქართველოს ქალაქებსა და ხეობებში მრავალწლიანი პარტიზანული ომის საწარმოებლად. მოსახლეობის 30% ანუ 1 მილიონ ადამიანზე მეტი დატოვებს ქვეყანას, ათასობით დაიღუპება დაბომბვების შედეგად. ბიზნესი გაჩერდება, სკოლები დაიხურება, სასურსათო კრიზისი გამწვავდება, ადამიანები ერთმანეთის ძარცვას დაიწყებენ. კოალიციური ხელისუფლება ევროპის ტერიტორიიდან გააგრძელებს პატრიოტულ გამოსვლებს,  მიწაზე რეალურ მართვას უცხოელი სამხედროები გაუძღვებიან. 2025 წლისთვის ყველაფერი დასრულდება საქართველოს სრული ოკუპაციით რუსეთის მხრიდან. კოალიციური მთავრობა კი რომელიმე კომფორტული ევროპული ქალაქიდან გააგრძელებს პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი გამოსვლების ტრანსლირებას.

სცენარი მეორე: რუსეთი ვერ დაუშვებს მის სამხრეთში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას, ამიტომ აუცილებლად მოახდენს სამხედრო ინტერვენციას კავკასიის ფრონტის გახსნის პრევენციის მიზნით. არავითარი შემაკავებელი ფაქტორი მას უკვე აღარ გააჩნია – სანქციების 11 ტალღა მოქმედებს. ასეთი ნაბიჯის გადადგმა გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული აუცილებლობა იქნება რუსეთისთვის. შედეგად, საქართველო დაკარგავს სახელმწიფოებრიობას, ან როგორც მინიმუმ – სუვერენიტეტს. ადმინისტრაციულ მმართველებად კი თავის ერთგულ ხალხს დასვამს, საქართველოს ეკონომიკური რესურსების გამგებლები დერიპასკა, პოტანინი და სხვა რუსი ოლიგარქები გახდებიან. საქართველოზე გამავალი მილსადენები გაჩერდება, ევროპა ვეღარ მიიღებს ენერგეტიკულ რესურსებს. ამ ვერსიის კრიტიკოსები იტყვიან, რომ რუსეთის ჯარი უკრაინაში იბრძვის და საქართველოსთვის არ სცალია. ნაწილობრივ მართალია, მაგრამ უკრაინაში მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცები არიან. რუსეთის არმიაში დაახლოებით 400,000-მდე წვევამდელი მსახურობს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ. ეს საკმარისზე მეტი რესურსია იმისთვის, რომ საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდეს.

სცენარი მესამე: თუ ხელისუფლება კუთხეში მიამწყვდიეს, მან, თავის გადარჩენის მიზნით, რუსეთთან მოკავშირეობა შეიძლება თავად გამოაცხადოს. ეს კი  საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებას და საქართველოს საბაჟო კავშირსა და ევრაზიის კავშირში შემდგომ ინტეგრაციას ნიშნავს. ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოზე გამავალი მილსადენების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხი.

სცენარი მეოთხე (ყველაზე სასურველი): საქართველოს ხელისუფლება შეძლებს სიტუაციასთან გამკლავებას და შეინარჩუნებს სტაბილურობას ქვეყანაში. ძალთა ბალანსის პოლიტიკით მოხერხდება დიდი მოთამაშეების ინტერესების კონსენსუსის გამოძებნა ისე, რომ საქართველო არავის ნადავლი არ გახდეს, შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა და მისი ტერიტორია არავის წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული. სამხრეთ კავკასიური სამეულის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ზომიერი ინტეგრაციული მოდელის შექმნით მოხდეს ზესახელმწიფოებისგან და რეგიონალური ჰეგემონებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, სადაც ეკონომიკური ურთიერთობის ყველა ვექტორი იმუშავებს.

დღეს უკვე ბევრი ფიქრობს, რომ აშშ-ს დემოკრატების ხელისუფლება და რუსეთი კულისებს  მიღმა შეთანხმებულები არიან და რუსეთი სხვადასხვა მეთოდით იღებს უსაფრთხოების ბუფერულ ზონას საკუთარ პერიმეტრზე, სანაცვლოდ კი ხელს არ უშლის ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს. თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ჩვენი არჩევანი შეზღუდულია (რბილად რომ ვთქვათ) და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროცესები უსისხლოდ და ნგრევის გარეშე წარიმართოს, თანაც ისე, რომ სახელმწიფოებრიობა არ დავკარგოთ.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

ხელისუფლების ცვლის ჰიბრიდული ტექნოლოგიების წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ ერთი იარაღი: სიხისტე. 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალებისას ძალოვან მინისტრებს ფხა რომ გამოეჩინათ, ორი ათეული კაცი დაეკავებინათ და ერთი ამდენი დაელურჯებინათ, ქვეყანა ბევრ უბედურებას გადაურჩებოდა. ამავე დროს აუცილებელია, ხელისუფლებამ მოახდინოს ერთიანობის დემონსტრირება – ეს კი ნიშნავს, რომ ყველა მაღალი რანგის ფუნქციონერმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რათა ორ სკამზე ჯდომის სურვილი არავის გაუჩნდეს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც ქართულმა საზოგადოებამ 30 აპრილს წაუყენა. ამის გარეშე ხალხი არ დადგება ხელისუფლების გვერდით. უნდა დაინიშნოს პლებისციტი 2-3 უმნიშვნელოვანეს საკითხზე. დემოგრაფიული გადაშენების გზაზე მყოფი ქართველი ერისთვის მამათმავლობის პროპაგანდა ეგზისტენციალური საფრთხეა, ამიტომ ის უნდა აიკრძალოს. საზოგადოებას ნათლად უნდა განემარტოს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში მამათმავლობის პროპაგანდის სრულ დაშვებასთან.

რა უნდა გააკეთოს ხალხმა?

ლიბერალური დღის წესრიგი მოსახლეობის 80%-ზე მეტისთვის მიუღებელია. უცხოეთის მსახური პოლიტიკური ჯგუფების საერთო რეიტინგი 12%-ია. გადატრიალების ტექნოლოგია გულისხმობს ე.წ. „დუმილის სპირალის“ ამოქმედებას. საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იქმნება სურათი, თითქოს უმრავლესობა მათ აზრზეა და მიმდინარეობს დაშინება, გინება, შეურაცხყოფა, იარლიყების მიკერება, სოც. ქსელებში, მედიაში იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ არ ეთანხმება. ამას არ უნდა შევუშინდეთ, სწორედ ამ მომენტში არის საჭირო განსაკუთრებული აქტიურობა. ყოველი პოსტი, კომენტარი, მოწონება, გაზიარება, მედიით გამოსვლა უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად მოსალოდნელი მასობრივი ცენზურისა სოცქსელების მხრიდან. სახლში, ოფისში, ლოდინის რეჟიმში, ჩუმად არავინ უნდა იყოს. თუ დომინაციის ვიზუალიზაციის საშუალებას არ მივცემთ, გადატრიალება განწირული იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ხალხის შეკრება და მასობრიობის დემონსტრირება, დაახლოებით ისე, როგორც ეს 30 აპრილის აქციაზე მოხდა, როცა ჩვენ თავად დავრწმუნდით, რომ უმრავლესობაში ვართ. თუ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება გადატრიალების მცდელობას, ხალხმა პროცესების მართვის სადავეები ხელში თავად უნდა აიღოს, რადგან ყველა სხვა სცენარში გველოდება ომში ჩართვა შემდგომი რუსული ოკუპაციით.

გამორიცხულია, რომ ეს არ ესმოდეთ მოაზროვნე ხალხს მსოფლიო დედაქალაქებში, მაგრამ მაინც ამ მიმართულებით გვერეკებიან“, – წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები