პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.
კანონპროექტი ადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და გამორიცხული უნდა იყოს კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას. აღნიშნულ სფეროს აწესრიგებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართალი. გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა. დღესვე პარლამენტმა 80 ხმით მიიღო „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ადგენს ადამიანის მიმართ გამოსაყენებლად გამიზნული ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობებს. კანონპროექტით წესრიგდება ცოცხალი დონორისაგან ქსოვილების მოპოვებასთან, გარდაცვლილი დონორისაგან ქსოვილების მოპოვებასთან, ქსოვილების ხარისხსა და უსაფრთხოებასთან, ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები