თეა წულუკიანი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის − „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ − მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფორუმი მსოფლიოს 250-ზე მეტ ლიდერს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე მუშაობენ. წელს მის მუშაობაში მსოფლიოს 13 ქვეყნის 30-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის არიან სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროს ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტები: ფრენსის ფუკუიამა და ერიკ ჯენსენი, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს რეფორმის საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაში, რომელსაც მოდერაციას სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი ერიკ ჯენსენი უწევდა.
თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სასამართლო რეფორმაზე.
„განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თემას − თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რაც ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან სწორედ ამაზე მუშაობს დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველი ერი, რომ შექმნას თანამედროვე სახელმწიფო. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა მთავრობამ ამისათვის თითქმის ორ წელიწადში მასშტაბური რეფორმები გაატარა, რათა ჩვენ ერთ დღეს შევძლოთ, მომავალ თაობებს ამაყად შევხედოთ თვალებში და არ შეგვრცხვეს. ჩემი მოხსენების ნაწილი ეხება იმას, რაც არის საკანონმდებლო ცვლილებები, სისხლის სამართლის რეფორმა, ადამიანის უფლებების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზეც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა; ზოგადად, დაცული, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კომფორტულად გრძნობს საკუთარ სახელმწიფოში თავს და ეამაყება საკუთარი მოქალაქეობა. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს შექმნაში ჩვენი სამინისტრო საკმარისად დიდ როლს ასრულებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზეც იმსჯელეს, რომლებიც ქვეყნების სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს; ხელს უწყობს ღია ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ქართული დემოკრატიის განვითარების გზებს დაეთმო. ფორუმის მონაწილეთა მოსაზრებით, ეკონომიკური, სოციალური და საჯარო სექტორების რეფორმა არამარტო ქართული დემოკრატიის წარმატების საწინდარი იქნება, არამედ საშუალებას მისცემს მსგავსი კურსის სხვა ქვეყნებს, გამოიყენონ ქართული მოდელი. საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერნი არიან „Omidyar Network“, ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“, საქართველოს ბანკი და ამერიკის საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები