საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყნის პოლიტიკური, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები