ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, გიორგი აბრამიშვილმა, რეინჯერთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Digital Campfire ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ რეინჯერებმა, რომლებსაც სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ რეინჯერთა საერთაშორისო ჯილდო.

Digital Campfire რეინჯერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებლობას აძლევს თავიანთი უნიკალური ისტორიები და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი 2021 წელს გახდა რეინჯერთა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დასახელდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ დაწესებული „საერთაშორისო რეინჯერთა“ კონკურსი მიზნად ისახავს, რეინჯერთა განსაკუთრებული ღვაწლისა და საქმიანობის ხაზგასმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ვფიქრობ, ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის რეინჯერებს შეგვიძლია, ერთმანეთს უნიკალური გამოცდილებების გაზიარებით დავეხმაროთ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა პლატფორმის არსებობა, მათ შორის, ერთ-ერთი თქვენი პლატფორმაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ უდიდეს ძალას, როდესაც ვაანალიზებ რა კეთილშობილ საქმეს ვემსახურები. ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ვაცნობიერებ იმ მიზანს და მისიას, რომლის გარშემოც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთელი სისტემა და თითოეული რეინჯერი. ჩემთვის უდიდესი პატივია, დავიცვა საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ტერიტორიები და მომავალ თაობას გადავცე ხელუხლებლად“,- აღნიშნა აბრამიშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

აბრამიშვილი 20 წელზე მეტია თავდაუზოგავად ემსახურება საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა-შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები