მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრის პელშს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, რიგაში გამართული შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრა. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რომელიც ევროკომისიის შეფასებაში აისახა. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.
მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ და აისახება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესია და მისი როლი ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა, ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში მკაფიო ნაბიჯების აუცილებლობას.
შეხვედრაზე საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში ლატვიის, როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა.