ჯონ კენედი და ორი სიკვდილი

ჯონ კენედის მკვლელობას ბევრი ვერსია ახლავს თან. ზოგის მტკიცებით, მკვლელად მიჩნეული ლი ჰარვი ოსვალდი სულაც არაა მკვლელი და პრეზიდენტზე თავდასხმა ამერიკაში მოქმედი მაფიის შურისძიება იყო კაცზე, ვინც შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა დანაშაულსო.
იმასაც ამბობენ, ამ ჩახლართულ ამბავს მაფია ვერ გაართმევდა თავს, სახელმწიფო უსაფრთხოებაში თავისი კაცი რომ არ ჰყოლოდათო. ამ კაცად ერთხანობა ჰუვერი ითვლებოდა, მაგრამ ედგარ ჰუვერი, ამერიკის ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რომ იყო ლამის ნახევარი საუკუნე, თავადვე ებრძოდა მაფიას. რა არ სცადეს მის დასაშანტაჟებლად – ხან შეშინება, ხან ქრთამი, ქალის ტანსაცმელში ჩაცმული ჰუვერის ფოტოების ფრიალიც კი (ტრანსვესტიტი იყო), მაგრამ ამით კიდევ უფრო გააბრაზეს ისედაც ბრაზიანი ედგარი.

ჰყვებოდნენ და ჰყვებიან, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების დალაგება ყველაზე უკეთესად მან მოახერხა და შიდა პოლიტიკური გადატრიალება მოუწყვესო.
იმასაც ამბობდნენ, ამ საქმის უკან არა მაფია, არამედ მასონები დგანანო. რაკი ერთადერთი პრეზიდენტი იყო, ვინც საიდუმლო ორდენებს “გაეპარათ” საპრეზიდენტო სკამზე, მისი კონტროლი ვეღარ შეძლეს და თავიდან მოიშორესო.
მასონები, მაფია და შიდა გადატრიალება ეს ცალკე მოსაყოლი ლეგენდებია, მაგრამ კენედის გაპრეზიდენტება, შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა და ეს ამბავი ჯონის სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენას პირდაპირ უკავშირდება.
1942 წელს, როგორც ყველა პატრიოტი, კენედიც შევიდა ჯარში. ოჯახური გავლენები არ გამოუყენებია და პირდაპირ ცეცხლის ხაზზე წავიდა. 1943 წლის 2 აგვისტოს, როცა ის  patrol torpedo (PT) boat-ით სადღაც სოლომონის კუნძულებთან იაპონელების ფლოტისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, რათა პროდუქტითა და საბრძოლო მასალით დატვირთული იაპონური ნავები ჩაეძირა, შუაღამის 2 საათზე, ცუდი ხილვადობის პირობებში იაპონურ საბრძოლო გემს გადაეყარა და თავადვე ჩაძირეს.

მომავალი პრეზიდენტის გემიდან 2 კაცი აფეთქებას შეეწირა, 1 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. უახლოესი კუნძული 5 კილომეტრის მანძილზე იყო, რაც ადვილი გასაცური არაა თუ არც მიმართულება იცი და წყალიც არცთუ ისე მშვიდია.
ჯონ კენედი ყოფილი მოცურავე იყო, წარმატებული მოცურავე. დაჭრილი თანამებრძოლის გადარჩენა თავად ითავა, როგორც მისიის ხელმძღვანელმა და მართლაც, ნაპირამდე ყველამ მიაღწია. მაგრამ გათენებულზე ჯარისკაცები მიხვდნენ, რომ საქმე არც ისე კარგად იყო – კუნძული იყო ხრიოკი და საჭმელ-სასმელის უქონლობა სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. კენედიმ აქაც ივარგა, საკუთარი მკლავის იმედად უახლოესი კუნძულების მოსაძებნად გაცურა და მართლაც, რამდენიმე კილომეტრში კუნძულ ნარუზე იაპონელების მიტოვებული კანოე, კრეკერები და ტკბილეული იპოვა. მშიერ თანამებრძოლებს წაუღო და კანოეთი დასახლებული პუნქტების ძებნა დაიწყო.
რამდენიმედღიანი ცურვის მერე, აბორიგენ ბიუკუ გასა და ერონი კუმანას სანაპიროზე წააწყდა. ადგილობრივებს იაპონელებიც და ამერიკელებიც ერთნაირად ეკონტაქტებოდნენ, გააჩნია ვინ მიადგებოდა კუნძულს. კენედიმ მოიფიქრა, როგორ ეთხოვა შველა და ქოქოსის კაკალზე დანით შეტყობინება ამოკაწრა და ბიუკუსა და ერონს სთხოვა, პირველივე სამხედროსთვის მიეცათ.
ამ ამბიდან 2 დღეში კენედი და მისი თანამებრძოლები ამერიკის საზღვაო დესანტმა გადაარჩინა.

როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, შტაბმა მთავარ ამბად სწორედ ეს ისტორია გამოიტანა, რამაც დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა ფიცჯერალდს. ჯონ ფიცჯერალდ კენედი თავის სიკვდილს გაექცა სოლომონიის კუნძულებთან, მაგრამ ვერ დაემალა დალასში. ამბობენ, სპეციალური დაცვის სამსახურმა რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტს დახურული მანქანით გაევლოო, მაგრამ როგორც ჩანს, კენედის სიკვდილის აღარ ეშინოდა და თამამად ჩაჯდა მანქანაში, რომელმაც ის დალასის ცენტრში უკანასკნელად გაასეირნა.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები