მამუკა მდინარაძე: პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა
“პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის აზრით, კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ამ პუნქტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ. მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე რეკომენდაცია პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შესრულდა, მან მიიჩნია, რომ სისტემური მიდგომით, პერსონალიზაციის გარეშე შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ასეთი მოწოდებაც კი გაისმა. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზაციის მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში, მას ხომ არ დაუწერია, რომ კანონი უნდა მივიღოთ, ამ ნორმით ეს უნდა გავაკეთოთ, დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა ქვეყანას, ეს რეკომენდაცია გასცა. ვენეციის კომისიის აზრით, კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა. თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ პერსონალიზირებულ საკითხს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავწერთ ამ დათქმას, რომ ჩვენ მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს. ავამოქმედებთ მომავალი წლის პირველი მარტიდან. თუ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოდ ევროკომისია იტყვის, რომ არა, პერსონალიზება არ გჭირდებათ, მაშინ ამ კანონს არ ავამოქმედებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის თანახმად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა. ამასთან, დასკვნაში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი.