„თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება“ – ოთარ ჩხარტიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

20 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ოთარ ჩხარტიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა – „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის გახსნის დღეს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.
გამოფენა, თავის მხრივ, ორი ნაწილისგან შედგება: „წელიწადის ოთხი დრო. ჩემი ეზო“ და „ახალი რეალიზმი“. გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის (ეროვნული გალერეა, ხელოვნების მუზეუმი) ფონდებიდან და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან, 1967 წლიდან 2002 წლამდე შექმნილი, ოთარ ჩხარტიშვილის 60 ნამუშევარი (ფერწერა, კოლაჟი, ასამბლაჟი და ობიექტი) იქნება წარმოდგენილი.
„ოთარ ჩხარტიშვილი 1970-იან წლების გამორჩეული ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარია. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. „ბულდოზერის გამოფენაში“, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში.
ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის იატაკქვეშა მხატვართა წრესთან და 1977 წელს „Zimmerli Art Museum“-ის (ნიუ-ჯერსი, აშშ) მიერ მისი კოლაჟის – „სპილოს“ – შეძენამ სუკ-ის ყურადღება მიიპყრო. „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა“, – ვკითხულობთ მხატვრის ავტობიოგრაფიაში.
ოთარ ჩხარტიშვილი ერთნაირად უკომპრომისო გახლდათ ცხოვრებასა თუ ხელოვნებაში. ის იყო დიდი მხატვარი, ასეთივე მასშტაბის ფერმწერი და ინსტალატორი. ნამუშევრები, შექმნილნი არატრადიციული მასალებისა თუ საგნებისგან, ამოგლეჯილნი ჩვეული კონტექსტიდან, ლახავდნენ სოცრეალიზმის ურყევ პრინციპებსა და აკადემიურ დოგმებს. ოთარ ჩხარტიშვილი ეძებდა აქტუალურ მხატვრულ მიდგომას, რომელიც ასახავდა თანამედროვე გრძნობათა წყობას და არა იდეოლოგიას; ამგვარად, მან სოცრეალიზმის საპირისპიროდ შეექმნა „ახალი რეალიზმი“. ამ მხრივ იგი ბოლომდე დარჩა თანმიმდევრული და პატიოსანი.
ოთარ ჩხარტიშვილის მხატვრულ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია კონცეპტუალური სერია „წელიწადის ოთხი დრო. ჩემი ეზო.“ აქ პირველად ჩნდება ქართულ ხელოვნებაში ანტიფორმალისტური მიდგომა, როცა ესთეტიკური ასპექტი კონცეფციასთან შედარებით მეორეხარისხოვანია.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-ჯერსის „Zimmerli Art Museum“-ში, ინახება ბევრი კერძო კოლექციონერის საცავებში. 2016 წელს „SotHeby“-ის აუქციონზე გაიყიდა ოთარ ჩხარტიშვილის ორი ნამუშევარი – „სახურავზე“ და „სოხუმი“.
ოთარ ჩხარტიშვილის სიცოცხლის ბოლო წლებშიც ეგზისტენციალური და მისი, როგორც მხატვრის, თვითგამოხატვის სოციალური გამოსავლის პოვნა ერთმანეთს დაემთხვა: როგორც სოციალურმა მხატვარმა, მან მასწავლებლის მისია იტვირთა და შექმნა წიგნი „სახვითი ხელოვნების სწავლების საწყისები”“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგანიზატორი – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
გამოფენის კურატორია – ალექსანდრა გაბუნია, თანაკურატორი – ნინო ასანიძე.

გამოფენა 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები