პოეტ შოთა ჩანტლაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, შოთა ჩანტლაძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს შოთა ჩანტლაძის ხსოვნასა და მის შემოქმედებას.
„შოთა ჩანტლაძე ორიგინალური ნიჭისა და უცნაური ბედის პოეტი აღმოჩნდა – ამქვეყნიდან ისე წავიდა, მისი წიგნი არ გამოცემულა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი 40 წლისა გარდაიცვალა და არც იმ ეპოქას დავივიწყებთ, რომელშიც ცხოვრობდა, ეს შეიძლება არცთუ გასაკვირი მოგვეჩვენოს.
შოთა ჩანტლაძის ლექსები დროდადრო იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, პირველი კრებული კი მხოლოდ 1984 წელს – პოეტის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ დაიბეჭდა. ამის მიუხედავად, იგი უაღრესად პოპულარული იყო და თავის თაობასა თუ ახალგაზრდებში ავტორიტეტით სარგებლობდა.
მკითხველს განსაკუთრებით მოსწონდა უჩვეულო ფორმითა და ინტონაციებით აღბეჭდილი თავისუფალი ლექსები, დიდი ინტერესით კითხულობდნენ მის მოთხრობებსა და მინიატურებს, აღიარებული იყო პოეტის თარგმანებიც – ფინური ეპოსი („კალევალა“) თუ ირლანდიური საგები.
არასტანდარტულად მოაზროვნე და უაღრესად საინტერესო პიროვნება თავის გარშემო უამრავ ადამიანს იკრებდა. შეხვედრების ადგილი უნივერსიტეტის ბაღი იყო. შეკრებები ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ ამ ფენომენს „შოთას უნივერსიტეტი“ შეარქვეს. ორ უნივერსიტეტს ერთად ვამთავრებთო, არცთუ ხუმრობით ამბობდნენ იმდროინდელი სტუდენტები.
შოთა ჩანტლაძე იმის უცნაური მაგალითია, როგორ შეიძლება, არც ოფიციალური რეგალიები გქონდეს, არც წიგნები გამოსცე, მაგრამ მაინც იქცე თაობის ლიდერად და, რაც მთავარია, დარჩე დაუვიწყარ შემოქმედად. 1952 წელს დაწერილ „მანიფესტში“ იგი ამბობს: „დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი, რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს… პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს ყველას დედამიწაზე, ყველგან დედამიწაზე, ყველამდე აღწევდეს“…
დაუვიწყარია მისი სტრიქონი: „წავიდა თოვლი, მოვიდა მიწა…“ დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვიდა უკვდავება. ამის დასტურია შოთა ჩანტლაძის შემოქმედების მიმართ ინტერესი, რომელიც დღემდე არ განელებულა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები