საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების, შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) წლიური გეგმების შესრულების მაჩვენებლების, აგრეთვე, არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ვალდებულებების ცვლილებების შესახებ.
ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების გეგმა შესრულებულია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა და ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.8 მლრდ. ლარს გაუტოლდა. მომხსენებლის განცხადებით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 19.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი სულ მობილიზებულია საპროგნოზო მაჩვენებლის 100. 8%.
მთავრობის წარმომადგენელმა მხარჯავი უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებსა და ასევე, იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა მოხდა.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება კომიტეტის წევრებს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა გააცნო.
კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს მთავრობის ინფორმაცია – „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა წარუდგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში გარკვეული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დადებითად შეაფასა. ასევე, კომიტეტმა შეითანხმა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.