უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრესტურის 9 მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ბლოგერები და ჟურნალისტები თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს, ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს ესტუმრებიან.
ტურის განმავლობაში უზბეკური მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ, ეწვევიან დაშბაშის კანიონს. უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და მაღალრეიტინგულ გამოცემებში გაავრცელებენ. პრესტურის მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.