„პაციენტის საჩივარზე რეგულირების სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, დაგეგმილი ცვლილებებით, დროული რეაგირების საშუალება გვექნება“ – ეკა ბოჭორიშვილი
„როდესაც პაციენტი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ საჩივრით მომართავს, დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალება არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს შუამდგომლობაა საჭირო. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება, მიმწოდებელ დაწესებულებას მიმართოს, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება მოახდინოს, ნებისმიერი მასალა ამოიღოს, ეს იქნება სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვა, ექიმებისგან განმარტებების მიღება და ა.შ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილმა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით,
დაგეგმილი ცვლილებები სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტიანს გახდის და ეს პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„კანონმდებლობაში „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით ცვლილებების ხდება, რათა რეგულირების სააგენტომ უფრო დროული საქმიანობა და მუშაობა შეძლოს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა ხდება.
პაციენტი რეგულირების სააგენტოს განცხადებით, საჩივრით მომართავს, თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72 საათის განმავლობაში რეგულირების სააგენტოში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს და ასევე მხარესაც მიაწოდოს. ეს, გარკვეულწილად, რეგულირების სააგენტოს დროულ, ოპერატიულ საქმიანობას აფერხებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ და მეორეც, როცა მხარე ამ შემთხვევის შესახებ შუამდგომლობის მისვლისთანავე იგებს, სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება, იქ დოკუმენტაციების მოწესრიგება, ექიმების განმარტებების აღება ხდება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღების შემდეგ, დროული რეაგირება გვექნება, უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი და იმისთვის, რ რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს და კმაყოფილი იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ როდესაც პაციენტი რეგულირების სააგენტოს საჩივრით მომართავს, დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალება არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს შუამდგომლობაა საჭირო. ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება, მიმწოდებელ დაწესებულებას მიმართოს, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება მოახდინოს, ნებისმიერი მასალა ამოიღოს, ეს იქნება სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვა, ექიმებისგან განმარტებების მიღება და ა.შ. ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტიანს გახდის და, რაც მთავარია, პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც მაკონტროლებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, ნებისმიერ დროს მოახდინოს რეაგირება, მიმწოდებელი დაწესებულებებიც უფრო ორგანიზებულები იქნებიან.
მეორე საკითხია ის, რომ როცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულებები დიდ თანხებს იღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლი ხდება.
ძალიან დიდი ჯარიმებია. გამომდინარე მუშაობის მოცულობიდან, დოკუმენტაციის წარმოებიდან, შესაძლოა, საჯარიმო სანქციის ამოღება 2-3-4-5 წელს გახანგრძლივდეს.
მხარე სასამართლოში შედის, ადმინისტრაციული საჩივრის დონეზე ჯერ რეგულირების სააგენტოში ასაჩივრებს, შემდეგ უკვე განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ხდება. ეს ყველაფერი დროში ხანგრძლივდება, შეიძლება, 4-5 წელი გახანგრძლივდეს, რაც არაეფექტურია. ამიტომ, ამ საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა მოხდეს. შემდეგ, თუ სასამართლო ნაწილობრივ მაინც გაამართლებს, ანგარიშსწორება შესაბამისად მოხდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი სამედიცინო სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარიმო სანქციების გაზრდა მოხდება. მაგალითად, ნებისმიერი ამბულატორია ტექნიკური რეგლამენტის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, როდესაც ჯგუფი ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმებისთვის შედის, დღევანდელი კანონმდებლობით პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 200-დან 500 ლარამდე იყო, რაც საერთოდ მიუღებელია. ტექნიკური რეგლამენტის პირობებშია სტერილიზაცია, დეზინფექცია, უამრავი მნიშვნელოვანი თემა, რაც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის მნიშვნელოვანია. თუ დაწესებულებაში დეზინფექცია, სტერილიზაცია არასწორად მიდის, როგორ შეიძლება, პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს? 200 და 500 ლარი იმდენად მიზერული საჯარიმო სანქცია იყო, რომ დაწესებულებას ყველანაირად უღირდა, ეს ჯარიმები გადაეხადა. ახლა საჯარიმო სანქციები გაიზრდება, 5 000 ლარი იქნება, რაც უფრო გონივრულია. დაწესებულებები უფრო მეტად მობილიზებულები იქნებიან. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით“ რომელი საჯარიმო სანქციაც ეკისრებოდათ, ყველას ცვლილება ხდება.
ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, როცა სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას მოახდენს, ელექტრონული ქვითრის ამოწერა ადგილზევე შეეძლება. რეაგირებას ადგილზევე მოახდენს, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მიმწოდებელი მაკონტროლებლისკენ უფრო მობილური იყოს, ასე ვთქვათ, ყოველთვის ფორმაში იყოს. ყოველთვის მიმართული იყოს იქითკენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ყოველთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უზრუნველყონ და ჩვენი მოსახლეობა კმაყოფილი იყოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.