თეა ახვლედიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე მიმდინარე ოკუპაციის შედეგები და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, რუსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელება და სხვ. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების, ასევე ძალისხმევის შემდგომი გაძლიერებისა და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, მათ შორის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების და საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. თეა ახვლედიანმა ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, რომელიც არსებული გამოწვევების მიუხედავად ეფექტიანად ხორციელდება, ვინაიდან იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს.

„მეტად მნიშვნელოვანი იყო დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე მსჯელობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო 30 წელზე მეტია, რაც განიცდის როგორც ჰიბრიდული, ასევე რუსული აგრესიის და უკვე 15 წლიანი მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის მოპოვების, თავისუფალი არჩევანის სუვერენული უფლების და მშვიდობის, ისევე როგორც მისი შენარჩუნების ფასი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს ინტენსიურ ძალისხმევას, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანახმად და ევროპულ ოჯახში ჩვენი დამსახურებული ადგილის დამკვიდრების მიზნით. სწორედ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული ვითარების, განვითარებული მოვლენების, უმძიმესი ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის დეტალურად განხილვასთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელეთ სამშვიდობო ინიციატივების დღესდღეობით არსებულ შედეგებზე და ჩვენს სამომავლო ხედვაზე, რაც უმთავრესია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევის გზაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ურყევად და მტკიცედ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი და სანდო წევრი, საქართველო ყოველთვის იყო ნაკისრი ვალდებულებების ერთგული და კვლავ გააგრძელებს მათ შესრულებას, როგორც დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, იმ მიზნით, რომ განაგრძოს ურყევი სვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები