ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე ტრენინგი იმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

სწავლება, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ თანამშრომელთა გადამზადებას ისახავს მიზნად, დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ლიდერმა გიგი ბრეგაძემ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით ადმინისტრაციის ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თანაბარი სერვისები შევთავაზოთ ამომრჩევლებს და ამ მიმართულებით მასშტაბურ საქმიანობებს ვახორციელებთ. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმაც, რომელიც ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ საქმიანობებზე და აქტივობებზეა აგებული. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების ფონდთან, რომელიც ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. დღეს კი გვაქვს შესაძლებლობა მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევძინოთ ჩვენს თანამშრომლებს, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენინგის გახსნის დროს.

ტრენინგის მონაწილეები მოწვეული ექსპერტებისგან ანა არგანაშვილისგან და მარიამ მიქიაშვილისგან ინფორმაციას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UN CRPD), მისი ძირითადი პრინციპები, უფლებები, აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმები, ასევე შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკური პრინციპები, შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობა და სხვა.

სწავლება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის – მეორე ფაზა“ ფარგლებში 2 ეტაპად განხორციელდება და მასში მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის 40-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები