“უცხოელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრეთ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს და გავაფრთხილეთ, თუ ეს არ შეწყდებოდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა რუსეთისთვის ხელსაყრელ განწყობებს” – ანდრია ჯაღმაიძე

ბოლო დროს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან გაჟღერდა ბრალდებები, რომელთა თანახმად საქართველოში მკვეთრად არის გაძლიერებული ანტიდასავლური ვექტორი, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციასა და პრორუსული განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე, გაისმა ბრალდებები ქვეყნის საპატრიარქოს მიმართ, თითქოს ეკლესია საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების შექმნას უწყობს ხელს. რა პასუხი აქვს აღნიშნულ საკითხზე საპატრიარქოს? ამ თემაზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Pia.ge-სთან საუბრობს:

– როგორ აფასებს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს? დასავლელი პარტნიორებისგან გაჟღერდა ბრალდებები, თითქოს, საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ დადებითი განწყობების შექმნას საპატრიარქომ უნდა შეუწყოს ხელი…

– რიგი ორგანიზაციების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) პათოსი პრობლემის სათავედ ეკლესიას წარმოაჩენს. პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ის რაც ქადაგებებში ყურს ჭრის, უნდა მივიჩნიოთ შედეგად და არა პრობლემის მიზეზად. ხოლო მიზეზად ვისი საქმიანობა უნდა მიიჩნეოდეს, ქვემოთ მოგახსენებთ და ამის შესახებ ჩვენ არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ კულუარებშიც არაერთხელ დავსვით საკითხი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.

2019 წელს ზაფხულში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, შემდეგ, შემოდგომაზე იგივე საკითხი დავაყენეთ ჯერ ბრიუსელში და შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე. აი, ეს არის ფაქტი. ყველა ამ ფორუმზე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ეკლესიის და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ეწევიან დასავლეთთან ასოცირებული, (ყოველ შემთხვევაში ისინი აშკარა მხარდაჭერით სარგებლობენ და ფინანსდებიან) არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსი და ტელევიზია, ასევე მათ მიერ მხარდაჭერილი ლგბტ პროპაგანდა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ რუსეთმა კარგად გამოიყენოს ეს ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად.

– გამოიღო თუ არა შედეგი ბრიუსელსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თქვენს მიერ წამოყენებულმა საკითხებმა? იყო თუ არა უკუკავშირი?

– თუ ჩვენი აზრი ვინმეს აინტერესებდა, რაიმე სახის კომუნიკაცია უნდა გაგრძელებულიყო. მას შემდეგ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და არ უკითხავთ რას ვფიქრობდით. პირიქით, შემიძლია ვთქვათ, რომ მოხდა ჩვენს მიერ მიწოდებული მოსაზრებების სრული იგნორი, ხოლო ლგბტ პროპაგანდა, ოჯახზე და ეკლესიაზე შეტევები კიდევ უფრო წახალისდა. ესეც ფაქტია.

– ხშირად სასულიერო პირები ქადაგებისას პოლიტიკურ თემებს ეხებიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს უწყობს ხელს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას?

– გეთანხმებით, რომ ზოგ შემთხვევაში ხდება ქადაგებაში პოლიტიკური თემის გამოტანა, და რადიკალური სახითაც რუსეთის მხარდაჭერაც ყოფილა, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევებია საერთო წილიდან. ეს არ უნდა მივიჩნიოთ საპატრიარქოს პოზიციად. ყველამ იცის საპატრიარქოს პოზიცია აისახება სინოდის განჩინებებში და საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებში. არის შემთხვევები, როდესაც შენიშვნაც მიუღია სასულიერო პირს მსგავსი გამონათქვამების გამო, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპატრიარქო ვერ დააწესებს ცენზურას, როგორც ამას ამ რთულ პერიოდში რუსეთში ვხედავთ.

– რა იწვევს ანტიდასავლური განწყობების შექმნას და რა როლი აქვს ამაში ეკლესიას?

– ჩვენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში და ბრიუსელში ღიად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს და წინასწარ გავაფრთხილეთ, თუ ეს არ შეწყდებოდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა მათთვის არასასურველ და რუსეთისთვის ხელსაყრელ განწყობებს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, ხშირად ქადაგებაში ისმის ის, რა განწყობებიც არის გაღვივებული საზოგადოებაში და არა პირიქით. საუკეთესო საშუალება ანტიდასავლური განწყობების შექმნისა არის, დასავლეთის სახელით შეურაცხყო ის, რაც ძვირფასია საზოგადოებისათვის, ეკლესია ამის შესახებ დაუფარავად და გულწრფელად აფრთხილებდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ასეთია ამ პრობლემის სათავე და მიზეზები, ცხადია, თუ გვინდა და გვაქვს სურვილი დიდი სურათი დავინახოთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც საფუძველში უხარისხოდ, მოსაჩვენებლად და ანგაჟირებულად ასრულებს მის საქმეს, შემდეგ ცდილობს სხვას გადააბრალოს.

– მზად არის თუ არა საპატრიარქო და ზოგადად ეკლესია, ითანამშრომლოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან?

– ქართულმა ეკლესიამ, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელმა და გავლენიანმა ინსტიტუტმა, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა და გამოხატავს დღესაც, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ითანამშრომლოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ მათ არაერთხელ შევთავაზეთ თანამშრომლობა, მხოლოდ არა შუამავლის მეშვეობით, ვინაიდან შუამავალს ყოველთვის დამახინჯებული ინფორმაცია მიაქვს, ამასთან ყველანაირად ცდილობს, რომ მისი როლი არ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, პირდაპირ თანამშრომლობას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები