გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. მათ შორის „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხზე. ახალი კანონპროექტიდან გამომდინარე ჩატარდება კვლევა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება წყლის დაბინძურების კუთხით სენსიტიური არეალები და წითელი ზონები, რის შედეგადაც უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივად დაგეგმილ პროგრამებზე. მათ შორის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროგრამებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით ტრენინგებისა და ფორუმების ჩატარების თაობაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები