მიხეილ სარჯველაძე: ფაქტია, ხელოვნურად იქმნება ჩიხები, შესაბამისად, ამ ჩიხებს სჭირდება დაძლევა იმისთვის, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს გამართულად
“არსებობს კიდევ სხვა წინაღობები, წინაღობები, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტის მხრიდან არჩეულ ტაქტიკას თუ სტრატეგიას, არ ვიცი, რა დავარქვა, როდესაც მას აქვს აშკარად მცდელობა, რომ რაღაც ფორმით მისი გადაწყვეტილებები ისეთი იყოს, რომ მოაწონოს ისინი ოპოზიციას”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.
სარჯველაძის შეფასებით, ხელოვნურად იქმნება ჩიხები, რომლებსაც დაძლევა სჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფო გამართულად ფუნქციონირებდეს.
“მხოლოდ ამ კრიტერიუმით როდესაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ასეთ დროს, რასაკვირველია, ძალიან ძნელი ხდება მათ შორის ისეთი რისკების დაზღვევა, რომელიც სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას შეიძლება ემუქრებოდეს. ფაქტია, ხელოვნურად იქმნება ჩიხები და შესაბამისად, ამ ჩიხებს სჭირდება დაძლევა, იმისთვის, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს გამართულად”, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.