დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები გათავისუფლდებიან ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან, რაც მნიშვნელოვანწილად გაამარტივებს და მოქნილს გახდის აღნიშნული სუბიექტების მიერ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (სპეციალური დანიშნულების მქონე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების) იმპორტისა და ექსპორტის განხორციელებას. კომიტეტმა სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი და პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, აუცილებელია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დარგის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.
რაც შედეგად უზრუნველყოფს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას. კანონპროექტის თანახმად, შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტების მოწყობას, ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას, ასევე მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკურ ზედამხედველობას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციას. კანონპროექტით განიმარტა ცნებები „შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი” და „შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალება”. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები