დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)” N3″, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება)” N2″, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)” N2″ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)” N2″ ცვლილების წერილ-შეთანხმება”, სადაც ტექნიკური ცვლილებები შედის.

მისი თქმით, ხელშეკრულებებში ცვლილება ითვალისწინებს საბაზისო საპროცენტო განაკვეთების შესახებ ჩანაწერების ცვლილებას. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ LIBOR-ი აღარ იქნება გამოყენებული არცერთი საფინანსო ინსტიტუტის მიერ და შესაბამისად, მის ნაცვლად, დოლარში აღებული სესხი უნდა გადავიდეს ეგრეთ წოდებული SOFR-ში, რაც არის ნიუ-იორკის ბანკთაშორის ერთიანი განაკვეთები, რომლის საშუალო მაჩვენებელი იქნება გამოყენებული დოლარის სესხის შემთხვევაში”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა ასევე განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტი – „2019 წლის 21 ოქტომბრის „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”; ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება, დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გააცნო. ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს შეთანხმების 155 (1) მუხლის პირველ წინადადებაში ფრაზის „ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალი” შემდეგ სქოლიოს დამატებას, აღნიშნული ტერმინის დაზუსტებისა და განმარტების მიზნით. ამასთან საჯარო შესყიდვების მიმართულებით გამონაკლისი კეთდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კლინიკური სამედიცინო მომსახურებების შესყიდვებზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები