სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ყაზბეგში სპორტის განვითარების საკითხებს გაეცნენ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები მუნიციპალიტეტის მერთან, ბაკურ ავსაჯანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სპორტის ყველა სახეობაში ახალგაზრდები საფასურის გადახდის გარეშე ვარჯიშობენ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში რაგბის, ფეხბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და კლდეზე ცოცვის შემსწავლელი ჯგუფები მუშაობს და სამომავლოდ საცურაო აუზის აშენება და შესაბამისად, წყლის სპორტის სახეობების განვითარება იგეგმება.

ყაზბეგის მერმა ახალი სპორტული დარბაზის აშენების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, სპორტში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გამო, მოქმედი დარბაზი მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესებას სრულად ვეღარ აკმაყოფილებს.
კომიტეტის წევრების და მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრისას მხარეებმა ყაზბეგში რაგბის სტადიონის აშენების საკითხიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყაზბეგში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერეს.

„ყაზბეგში ბევრი მოტივირებული ახალგაზრდა სპორტსმენი ვარჯიშობს და ამ პროცესს მუნიციპალიტეტი აქტიურად უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის სპორტის წრეებზე სიარული უფასოა და შესაბამისად, სპორტის სახეობებში მათი ჩართულობა მაღალია. ახლა მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი მოედნების, დარბაზების და საცურაო აუზის გახსნა. ყაზბეგის კლიმატური პირობები და ადგილმდებარეობა სხვადასხვა სპორტული შეკრების და შეჯიბრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით კაჭარავამ.

კომიტეტის წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დამუშავდეს ის ინფორმაცია, რომელიც კომიტეტმა ადგილზე მოისმინა.

„ყაზბეგში ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით კიდევ სულ მცირე ერთი სპორტული დარბაზი სჭირდება, რადგან არსებული დარბაზი სპორტის ყველა ღონისძიებას ვერ იტევს და ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საკომიტეტო შეხვედრების ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები