“ამ ეტაპზე, არ გვაქვს არანაირი პარტიულ- პოლიტიკური ამოცანა,   ჩვენი მთავარი  მიზანია,   ქვეყანაში არსებული საფრთხეების წინაშე  ორგანიზებულები ვიყოთ” – ვატო შაქარიშვილი ახალი კონსერვატიული გაერთიანების გეგმებზე საუბრობს

“ამ ეტაპზე, არ გვაქვს არანაირი პარტიულ- პოლიტიკური ამოცანა,   ჩვენი მთავარი  მიზანია,   ქვეყანაში არსებული საფრთხეების წინაშე  ორგანიზებულები ვიყოთ,   ქმედითი ბერკეტები გვქონდეს, 2024 წლის არჩევნებამდე ჩვენი  ქვეყანა მივიყვანოთ და მივიდეს  მშვიდობიანად”, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის,  “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი
კონსერვატიული გაერთიანების –  „საქართველო უპირველეს ყოვლისას“
დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შაქარიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“გასულ კვირას გავაჟღერეთ იდეა,  რომელიც ახალი კონსერვატიული,  საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას ეხება, სახელწოდებით “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მხარდაჭერა მოიპოვა,  არის დაინტერესება და ამავდროულად კითხვები გაჩნდა. კითხვები უფრო მეტად არ  ეხება მიზნებს, ამოცანებს, შექმნის  მოტივებს. ვფიქრობ,  ეს გასაგებად იყო განმარტებული.  კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ესაა იმ საფრთხეების წინაშე  ადეკვატური რეაგირება,  რომელიც ქვეყანაშია,  მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა, რომელიც  ქმედითი და ეფექტიანი იქნება  იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ,  რაც   ქვეყანაში ხდება და  რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულია ქვეყნის გარედან, ასევე, ახალი მოძრაობა ასევე იქნება ადეკვატური პასუხის გამცემი  იმ ბულინგზე,  შეურაცხყოფაზე,  გინებაზე ცილისწამებაზე,  რაც  სიტყვის თავისუფლების სახელით  ხდება იმ ადამიანების მისამართით,  რომლებიც საკუთარ აზრს გამოხატავენ,  იქნება ეს საჯარო სივრცეში, სოციალურ მედიაში, თუ ა.შ. ისინი ხდებიან ძალიან სერიოზული,   ორკესტრირებული შეტევის, ბულინგის, გინების, ცილისწამების, უსაზღვრო შეურაცხყოფის ადრესატები. ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები,  დაფინანსებულები არიან  და კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ,   ჩვენს თანამოქალაქეებს   ღმერთისგან ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს უმწარებენ. ჩვენთან შემოდის შეტყობინებები,  ადამიანები ღიად ლაპარაკობენ იმაზე,  რომ  12 ივნისს  მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე მოსვლა  ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირება გვინდა,  მაგრამ ვერიდებით,  გამომდინარე იქიდან, ვიცით რა მოელის ამ ყველაფერს, რა არის მოსალოდნელიო.  ესაა ბულინგი,  შეურაცხყოფა,  დაცინვა, ცილისწამება, ოჯახის წევრების მიმართ მუქარები. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ. ჩვენი ახალი კონსერვატიული ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა  ამ ყველაფერზე   ეფექტიანი,  მძლავრი და  მკაფიო პასუხის გამცემი იქნება.   ცხადია,   იმ მეთოდებით არ ვიმოქმედებთ, რითაც ისინი მოქმედებენ,  მაგრამ პასუხი  ადეკვატური,  მკვეთრი და მკაფიო იქნება  ისე,  რომ ამ  ადამიანებმა იცოდნენ,  ჩვენი თანამოქალაქეების ბულინგი, შეურაცხყოფა,  ცილისწამება, მუქარა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა   პასუხგაუცემელი არ დარჩება.

რაც შეეხება უშუალოდ 12 ივნისი ღონისძიებას – დავაანონსეთ, რომ რუსთაველის თეატრში შედგება, ღონისძიება ღიაა, დასწრება თავისუფალია. ამ ეტაპზე, არ გვაქვს არანაირი პარტიულ- პოლიტიკური ამოცანა,   ჩვენი მთავარი  მიზანია,   ქვეყანაში არსებული საფრთხეების წინაშე  ორგანიზებულები ვიყოთ,   ქმედითი ბერკეტები გვქონდეს, 2024 წლის არჩევნებამდე ჩვენი  ქვეყანა მივიყვანოთ და მივიდეს  მშვიდობიანად.

ვინც ერთგულია ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის,  ვისაც ქვეყანაში მშვიდობა უნდა, სურს,  დაიცვას რწმენა და ეკლესია –   თითოეული ასეთი ადამიანი ამ მოძრაობის სახე,  წევრი და  ლიდერია”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები