“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის ხარისხზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პროკურატურას მიმართავს
სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოს პროკურატურას მიმართავს, განცხადებას რომელსაც კომპანია ავრცელებს, “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა უსაფუძვლო დეზინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. ხარისხის კონტროლს “ჯივიპის” ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.
“წყლის ხარისხზე მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებას 2019 წელსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მიმართა სასამართლოს და შედეგად ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს მოუწიათ საჯაროდ ბოდიშის მოხდა, ამჯერად კომპანია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები“, – აცხადებს ზურაბ ალფაიძე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური დირექტორი.
“თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ ჯივიპის ლაბორატორიებსა და ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში 24-საათიანი უწყვეტი რეჟიმით ხორციელდება“, – აცხადებს თამარ ნიკურაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.