თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სერჟანტთა თეორიული სწავლების მეთოდებს და საველე პირობებში პრაქტიკული მომზადების ვარჯიშებს.

როგორც აკადემიის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, სერჟანტთა აკადემიის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის გერმანულ მხარეს და აკადემია მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან.

„სერჟანტთა შემადგენლობას ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ამ საქმეში სერჟანტთა აკადემიას მთავარი ადგილი უკავია. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიის სამხედროები საუკეთესო პირობებში სწავლობენ, ვარჯიშობენ და ნატო-ს სტანდარტის მომზადებას გადიან. თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში შემავალ უწყებებში შეხვედრებს პარლამენტის წევრები მომავალშიც გავაგრძელებთ, რომლის მიზანიც საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება და ასევე თავდაცვის ძალების, ჩვენი სახელოვანი სამხედრო მოსამსახურეების დაფასება და მხარდაჭერა წარმოადგენს“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი, პარლამენტის სახელით გვირგვინით შეამკეს. პარლამენტის წევრებთან ერთად სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტების მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები