საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი სტატიები და ინტერვიუები გამოქვეყნდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდა საქართველოსადმი მიძღვნილი სტატიები და ინტერვიუები, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელების ავტორობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ლატვიურ ინტერნეტ-გამოცემაში Delfi გამოქვეყნდა ლატვიაში საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის ოპედი, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მისაღწევად გნვლილ გზას ეძღვნება. „საქართველო ზეიმობს“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა გერმანულენოვან გამოცემაში Business & Diplomacy გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას სტატია, რომელშიც ხაზგასმულია გერმანიასა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ბულგარეთის ეროვნული რადიოს ეთერში გავიდა ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინტერვიუ. ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაზე, მის ხანმოკლე ისტორიაზე და მნიშვნელობაზე დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ასევე, ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები და ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური მიმართულების გამოცემის, Business Diplomacy-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. ერთ-ერთ წამყვან არგენტინულ გაზეთში CLARÍN გამოქვეყნდა არგენტინაში საქართველოს ელჩის, გვარამ ხანდამიშვილის ოპედი, რომელიც საქართველო-არგენტინის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს ეხება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო გამომცემლობამ „Khaleej Times“ გამოაქვეყნა საამიროებში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინტერვიუ და ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, იაპონიის წამყვან ინგლისურენოვან გაზეთში „Japan Times“ დაიბეჭდა საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას სტატია.  Korea Times-ში გამოქვეყნდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თარაშ პაპასქუას ინტერვიუ, რომელშიც ის ყურადღებას საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობაზე ამახვილებს. გაზეთ Arab News-ში გამოქვეყნდა საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის სტატია, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან ერთად, საქართველო ცდილობს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, საუდის არაბეთთან. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიება, მათ შორის, ლექციები და დისკუსიები. კერძოდ, საქართველოს ელჩმა ბულგარეთში, ოთარ ბერძენიშვილმა, სოფიის პირველ ინგლისურ გიმნაზიაში წაიკითხა საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის როლზე თანამედროვე საქართველოს ფორმირების პროცესში. ქ. კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის  ფარგლებშიც შედგა დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე. უნივერსიტეტში მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა – „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, ასევე გამოიფინა შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები