ირაკლი ბერაია შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია შვედეთის სამეფოს რიკსდაგის (პარლამენტის) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და მის გავლენას საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„შვედეთის პარლამენტის წევრს შეხვედრაზე ის პროგრესი გავაცანი, რომელიც საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. სტუმართან ერთად განვიხილეთ ის საკითხები და მიმართულებები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება. საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მათი გაღრმავების მიმართულებები, ეს შეეხება როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობას, ასევე ჩვენს კომიტეტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ბიორნ სოდერთან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი დაესწრო. ბიორნ სოდერი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და შვედეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები