მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ლუსია პუტრიხს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, ლუსია პუტრიხს შეხვდა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინებზე ისაუბრა. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე, რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში.
მხარეებმა გერმანია-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის წარმოების გარდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ ინტეგრაციას, სავაჭრო, სატრანსპორტო და ხალხთა შორის კავშირების განვითარებას.
„შეხვედრისას, ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ბიზნესებს შორის კავშირების ჩამოყალიბებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე. ვისაუბრეთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ როგორც პოლიტიკოსებმა ასევე, საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინებზე, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირისგან, რა როლი შეიძლება ითამაშოს გერმანიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.