შალვა პაპუაშვილი: კატეგორიულად გამოვრიცხავ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების გაკეთებულ განმარტებებს – პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკვაშირებით ასეთი დამოკიდებულება არ აქვს
„მოვისმინე, თითქოს, პრეზიდენტი ხელსაყრელ მომენტს ელოდება, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ტყვეებით ვაჭრობა არის, თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო?! გამოვრიცხავ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გუშინ გაკეთებულ განმარტებებს, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავაჭრო ობიექტი არ არის. მიკვირს, გუშინ ოპოზიციიდან რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა აღნიშნულზე მსგავსი კომენტარი. ტყვეებით ვაჭრობა არის, თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შეიწყალო, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს ის. არ მგონია სწორი მიდგომა იყოს. არ მგონია, პრეზიდენტი ამ საკითხს ასე უყურებდეს.
გამოდის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ეგუება იმას, რომ ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და ხელსაყრელ მომენტს ეძებს, რომელიც შეიძლება დადგეს, არ დადგეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს, ადამიანის თავისუფლება იმის მიხედვით იცვლებოდეს, თუ რა მიზანია. კატეგორიულად გამოვრიცხავ „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლების გუშინ გაკეთებულ განმარტებებს, გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.